რა შემთხვევაში სარგებლობს მამა ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით

სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა განსხვავებაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას შორის.


ჩატვირთვა...

თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ორსულადაა, შეეძინა ბავშვი, ან სურს ახალშობილის შვილად აყვანა, მას აქვს უფლება ისარგებლოს 730-დღიანი შვებულებით. აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდრული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდრული დღე.

თუ ბავშვის მამა საჯარო მოსამსახურეა, მას აქვს უფლება აიღოს ბავშვის მოვლის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდრული დღით, აქედან ანაზღაურებადია 90 კალენდრული დღე. ამ შემთხვევაში ბავშვის დედას (საჯარო მოსამსახურე) არ უნდა ჰქონდეს ნასარგებლები ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებით ან მისი ნაწილით.

იმ შემთხვევაში, თუ დედა (საჯარო მოსამსახურე) არ იღებს შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, მამა (საჯარო მოსამსახურე) წარადგენს ბავშვის დაბადების მოწმობას და შესაბამისი დაწესებულების (სადაც დასაქმებულია დედა) მიერ გაცემული ცნობას იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით.

სააგენტოს განმარტებით, თუ ბავშვის მამა არაა საჯარო მოსამსახურე, ბავშვის მოვლის გამო დახმარება მასზე არ გაიცემა.

შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო მოსამსახურემ უნდა მიმართოს იმ საჯარო დაწესებულებას, სადაც მუშაობს.

შენიშვნა: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ამოქმედებიდან გასულია 6 თვე.

სოციალური სააგენტოს ვებგვერდზე ასევე განმარტებულია, რა შეღავათებით სარგებლობენ ორსულები და მშობლები, რომლებსაც შვილი შეეძინათ, ან აიყვანეს.

 

imedinews.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები