რა შეღავათებით სარგებლობენ ორსულები და მშობლები, რომლებსაც შვილი შეეძინათ, ან აიყვანეს

საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა სახის არის დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.


ჩატვირთვა...

მოქალაქეს, რომელიც არის ორსულად, შეეძინა შვილი, ან სურს ახალშობილის შვილად აყვანა, აქვთ უფლება მოითხოვონ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, პირს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, მათ ეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია90 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფელის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

საჭირო საბუთებია: პირადობის მოწმობის ასლი; საავადმყოფო ფურცელი ასლთანერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთანერთად;  დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა 1000 ლარია.

 

imedinews.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები