“ქმარი მაშინებდა, გოგოს კაბებს ყიდულობ სულ სიზმარში და მეტი არ მინდა, მესამე შვილიც გოგო იყოსო”

ორსულობის პერიოდში სიზმრებს მომავალი დედები ხშირად ხედავენ და მეტწილად მათ განწყობაზე სიზმრის შინაარსი პირდაპირ აისახება ხოლმე, აქედან გამომდინარე თავს იჩენს ემოციურობისა და შფოთვის მომენტი.
ჯერ ვნახოთ, რას წერენ ორსულები ამ სიზმრებზე და შემდეგ შემოგთავაზებთ ფსიქოლოგის პასუხებს:

“სიზმრის თემა არ გამახსენოთ, ჩემი ქმრის სიზმრების გამო, მთელი ორსულობა შიშში გავატარე, მეუბნებოდა, მაშინებდა, გოგოს კაბებს ყიდულობ სულ სიზმარში და მეტი არ მინდა, მესამე შვილიც გოგო იყოსო”.


ჩატვირთვა...

“მეც ვნახე, რომ ჩემს ქმარს ეჭირა ხელში ბავშვი, ბიჭი, სახეც ნანახი მქონ და და ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც სიზმარში ვნახე”.

“მე ვნახე სიზმარი, ვიღაცა მეუბნებოდა, ბიჭი გეყოლებაო და მართლა ბიჭი მეყოლა”.

“ჩემთან ერთად სეირნობდა, ვგრძნობდი, ბიჭი შვილი რომ იყო, ხელი ჰქონდა გადახვეული და ჩემი დედიკოო, მკოცნიდა”.

“ცისფერთვალება ბავშვი დამესიზმრა და ვამბობდი, არ ექნება ცისფერი თვალები, ჩვენს შვილს საიდან-თქო და მართლა ცისფერთვალება გაჩნდა”.

“მე ჩემი შვილებიც ნანახი მყავს წინასწარ სიზმარში და დის შვილებიც. რიცხვებიც კი,ოთხივე ბავშვზე დამესიზმრა. თუმცა, საერთოდ არ გამკვირვებია, რადგან საშინელი სიზმარა ვარ”.

დამესიზმრა წმინდა მარიამი და მამცნო, რომ გოგო მეყლებოდა, მართლაც გოგო მეყოლა, მაგრამ ანანო დავარქვი და იმას ვნანობ, მარიამი რომ არ დავარქვი”.

“ბავშვიც დამესიზმრა და სიზმარში კაცი მიყვიროდა, იგუდება, იგუდებაო და მართლაც მუცელზე დავწოლილვარ”.

“მე სულ მესიზმრებოდა, თითქოს პრობლემურად ვმშობიარობდი, ხან ვითომ მშობიარობისას მიკვდებოდა ბავშვი… სტრესებში გავატარე ორსულობა…”

თუ რა გავლენას ახდენს ორსულზე სიზმრის შინაარსი და რა უნდა იცოდეს ორსულმა, რომ სიზმრის მავნე ზეგავლენისგან თავი დაიცვას, ამ საკითზე გვესაუბრება ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის ცენტრ “დიალოგის” დამფუძნებელი ქეთი მესხიშვილი:

– ორსულობის პერიოდში უცნაურ სიზმრებს თითქმის ყველა ქალი ხედავს, რით აიხსნება ეს?

– სიზმარი ძილის მდგომარეობაში უნებლიედ აღმოცენდება და ადამიანი ყველა მათგანს ვერ იმახსოვრებს. ამახსოვრდება მხოლოდ, ის რომლის ხილვის დროსაც ეღვიძება. ორსულობის დროს ქალი მეტად მგრძნობიარეა და შესაბამისად მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა იცვლება. ხშირია ნეგატიური ფიქრები, დადებითთან ერთად და ამ ნეგატიურმა ფიქრებმა შესაძლოა გამოიწვიოს სწორედ, როგორც თქვენ უწოდებთ – “უცნაური” სიზმრები. თუმცა ამ სიტყვას ფართო გაგება აქვს და სხვადასხვა ადამიანისათვის სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია.

–  რა გავლენას ახდენს ორსულზე სიზმრის შინაარსი და რა უნდა იცოდეს ორსულმა, რომ სიზმრის მავნე ზეგავლენისგან თავი დაიცვას?

– გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სჯერა ორსულს სიზმრის. თუ მას მნიშვნელობას მიანიჭებს, შესაბამისად გავლენასაც მოახდენს შინაარსის და ემოციიის მიხედვით, რომელიც სიზმრის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. თავის დაცვისთვის ალბათ ყველაზე გონივრულია იმის გაცნობიერება, რომ ეს მხოლოდ სიზმარია და არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ახდება.

 

 დედების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ორსულობის ნანახი სიზმარი აუხდათ. მათ დაინახეს ბავშის გარეგნობა, შეიტყვეს სქესის შესახებ, ესიზმრათ სახელი. როგორ შეიძლება ავხსნათ ეს?

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანს გაუცნობიერებლად ყველა მის კითხვაზე აქვს პასუხი, მაშინ გასაკვირი არაა, რომ ორსული მსგავს სიზმრებს ხედავს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს ორსულს ესიზმრება მისი ჯერ კიდევ არარეალიზებული სურვილები ბავშვთან მიმართებაში. დედასა და შვილს შორის ძალიან დიდი კავშირია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იქმნება. ამიტომ ეს პროცესები ჯაჭვურადაა მიბმული ერთმანეთზე.


–  ძალიან ბევრ შემთხვევას იხსნებენ ქალები, როცა დაორსულებამდე ესიზმრათ, რომ შვილი ეყოლებოდათ. რა შეიძლება ითქვას ასეთი ფაქტების შესახებ?

– ადამიანს ძალიან ხშირად ესიზმრება ის მოვლენა, რომელიც უნდა, რომ მის ცხოვრებაში მოხდეს. იგივეა დედობა და ორსულობა, როდესაც ქალი ემზადება დედობისთვის, ხშირად ესიზმრება მსგავსი შინაარსის სიზმრები და ეს ძალიან ბუნებრივია.

 

–  როგორ უნდა დაძლიოს ქალმა სიზმრით გამოწვეული შიშები ორსულობის პერიოდში?

– არასასიამოვნო სიზმარი ორსულობასთან და ბავშვთან მიმართებაში შესაძლოა მისი გაუცნობიერებელი შფოთვის შედეგი იყოს. თითქმის ყველა ორსულს აქვს შფოთვა ორსულობის დროს და უტრიალებს კითხვა: “ხომ ყველაფერი კარგადაა?” ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალს ახსოვდეს, რომ ნანახი სიზმარი არ გულისხმობს მის ასრულებას რეალურ ცხოვრებაში. სიზმარს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და არაა რეკომენდებული სიზმრების ახსნის წიგნებით ხელმძღვანელობა. საუკეთესო შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ფსიქოლოგს, რომელიც დაეხმარება მის გამორკვევასა და გაცნობიერებაში.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები