ოჯახი ესპანეთში გარდაცვლილი ჩვილის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს – რას ყვება გარდაცვლილის დეიდა

ესპანეთში მცხოვრები ქართული ოჯახი გარდაცვლილი ჩვილის სამშობლოში გადმოსვენებას და აქ დაკრძალვას ვერ ახერხებს. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა აცნობა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დახმარებას ითხოვს.

საქართველოს მოქალაქემ ბარსელონაში 14 ივნისს, სახლის პირობებში იმშობიარა და ბიჭი შეეძინა, თუმცა, ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ აცნობა, რომ ჩვილი გარდაიცვალა.


ჩატვირთვა...

იმის გამო, რომ ბავშვმა 48 საათი ვერ იცოცხლა, მასზე ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით დაბადების მოწმობა არ გაიცემა, რაც ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ოჯახს პრობლემებს უქმნის.

როგორც “პრაიმტაიმს” ახალშობილის დეიდა უყვება, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი გაჩნდა, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად კი ექსპერტიზის დასკვნას ამ დრომდე ელოდებიან.

“ბავშვი დაიბადა ნორმალური, ჯანმრთელი. ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული, მაგრამ ცოცხალი იყო. უკეთებდნენ გულის მასაჟებს. შემდეგ გამოიძახეს ორი სასწრაფო დახმარების მანქანა ბავშვის გასასინჯად. ამ ყველაფერს პოლიციაც ესწრებოდა. მათ შემიშალეს ხელი, თორემ ცოცხალ ბავშვს დავაფიქსირებდი, მხოლოდ ის მაქვს გადაღებული ბავშვი რომ დაიბადა და გულის მასაჟებს უკეთებდნენ. შემდეგ ჩემი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში პედიატრმა გვითხრა, რომ დედის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ბავშვს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. ბავშვის გადაყვანიდან 15 წუთში გვითხრეს, რომ დაიღუპა. მიზეზი არ ვიცით, პასუხს არავინ გვცემს” – განუცხადა “პრაიმტაიმს” გარდაცვლილი ჩვილის დეიდამ, ანა ჩილინდრიშვილმა.

მისი განმარტებით, ესპანეთის კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი 48 საათზე მეტხანს ვერ იცოცხლებს, დაბადების მოწმობა არ გაიცემა. ოჯახის წევრის ინფორმაციით, ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით როგორც საქართველოს საკონსულოს, ასევე, სხვადასხვა უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

როგორც დეიდა “პრაიმტაიმს” უყვება, თავდაპირველად მამა ლუკას შუამდგომლობით, საკონსულოში მისულს დახმარებას შეჰპირდნენ, თუმცა მოგვიანებით, იმის გამო, რომ ბავშვის დაბადების მოწმობა არ ჰქონდათ, ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე უარი მიიღეს.

დეიდა ასევე ამბობს, რომ გუშინ საქართველოს საკონსულოს წერილობითი უარის მიღების მოთხოვნითაც მიმართა:

“დამპირდნენ, რომ დღეს ყველაფერი იქნებოდა გამოგზავნილი ჩემს მეილზე, მაგრამ არავის არაფერი გამოუგზავნია. თქვენს გარდა ამბით არავინ დაინტერესდა…” – განაცხადა ჩილინდრიშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

ოჯახის წევრის თქმით, ოჯახი ტელეფონით დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც დაბადების მოწმობის ასაღებას იუსტიციის სახლში გადამისამართეს:

“გვითხრეს, რომ იუსტიციის სახლში დაგვეწერა განცხადება, ვინაიდან მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები. ახლობლები გავგზავნეთ, მაგრამ უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალების შესახებ ესპანეთიდან იყო საჭირო საბუთები და თუ რატომ არ გასცეს დაბადების მოწმობა. შემდეგ ეს საბუთები უნდა განიხილონ საქართველოში და გადაწყვეტენ ამ საკითხსო. ეს ყველაფერი დიდ დროს საჭიროებს, ჩვენ კი დრო არ გვაქვს”.

“პრაიმტაიმი” ვითარებაში გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განმარტებას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები