ძველი ბიჭები გამოჩნდნენ, ფულს არ გადავიხდითო – ტაქსისტების უმეტესობას დანა აქვს უკვე სავარძელში დამალული!

„გახშირდა ასეთი ამბავი, კაი ბიჭი ვარ და ფულს არ გადავიხდი,“ – ყვებიან ქობულეთელი ტაქსისტები. მათი თქმით, არსებობს შემთხვევები, როცა მგზავრები ტაქსის მძღოლებს ქურდული სამყაროს წევრებად ეცნობიან და მგზავრობის თანხის გადახდაზე უარს ამბობენ.

ინფორმაცია, რომ ქობულეთში ტაქსის მძღოლებს „ძველი ბიჭები“ მგზავრობის თანხას არ უხდიან, ან ცდილობენ არ გადაუხადონ და ამან რეგულარული სახე მიიღო, „ბათუმელებმა“ დღეს თავად ტაქსისტებთან გადაამოწმა. მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ, მაგრამ ყველა მეორე გეტყვით, რომ „ასე ნამდვილად ხდება“. არ გპასუხობენ კითხვაზე, რა ფორმით ხდება ეს ან ვინმე კონკრეტულ პირს ხომ ვერ დაასახელებენ. ამბობენ, რომ ასე მას კი არა, „სხვას დაემართა“.


ჩატვირთვა...

„ძირითადად ახალგაზრდა ბიჭები არიან, ან ის ხალხი, ვინც ციხეში იჯდა. მე, პირადად, ასეთი შემთხვევა არ მქონია. პოლიციისთვის, როგორც ვიცი, არ მიუმართავს არავის. რა აზრი აქვს მიმართვას და მერე პოლიციაში სიარულს. ფაქტი ისაა, რომ წლების წინ მანქანას ღიად ვტოვებდით და არ გვეშინოდა. ახლა ბოქლომი უნდა დაადო ყველაფერს, ისე ვერ დატოვებ მანქანას. მძღოლების უმეტესობას დანა აქვს უკვე სავარძელში დამალული, რამე რომ მოხდეს მაინც…“ – გვითხრა ტაქსის მძღოლმა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი, თემურ კენჭაძე კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები მას პირადად ჰქონია: „ჩემთან მოსულა რამდენჯერმე ახალგაზრდა ბიჭები, ასე და ასე, „კაი ბიჭები“ ვართ და უფასოდ უნდა წაგვიყვანოო. ვუთხარი, რომ საწვავი არ მაქვს, გაძვირდა ყველაფერი ბიძია-მეთქი… ისეთი დრო მოვიდა, გახშირდა ყველაფერი. თანხის გადახდა, ზოგადად, უჭირს ხალხს, ისედაც ეს ძველბიჭობა გამოვიდა გარეთ და გამოჩნდნენ. ადრე არ ჩანდნენ, ახლა არიან, არ ვიცი, რატომ, სახელმწიფო ვეღარ აშინებს, ალბათ“.

ტაქსის მძღოლებს ქობულეთში რამდენიმე ლოკაციაზე ესაუბრა „ბათუმელები“: ბაზართან, ავტოსადგურისა და მერიის წინ. აქვე ტაქსისტებმა თავდასაცავად გადანახული ინსტრუმენტებიც გვაჩვენეს – მანქანის სავარძლის ქვეშ მოთავსებული „მანტიროვკა“ და პურის დანა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები